საქართველოს საპენსიო სააგენტომ 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1.38 მილიონი, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის საშუალო მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა 4,165 ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემით დაზოგილ თანხებს მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას, საბაზო სახელმწიფო პენსიებთან ერთად მიიღებენ, შესაბამისად, ეს მეორე საფეხურის პენსიებს წარმოადგენს. მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, ხოლო ქალებისთვის 60 წელს, შესაბამისად დაგროვებით სისტემაში კაცებს 5 წლით მეტი ხნის განმავლობაში უწევთ დაზოგვა ვიდრე ქალებს სანამ დაგროვებით პენსიას მიიღებენ.
არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99.9%, ანუ 5.72 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 81% ქართულ საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მისი მეშვეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტიციები განხორციელებული. შესაბამისად, პორტფელის 59% ქართული ბანკების ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატებში დევს, 17% დევს საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, 15.6% გლობალურ კორპორაციულ აქციებში, 3.2% ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე არის განთავსებული.
მოქალაქეებს იუსტიციის სახლში მიმართვით ან საპენსიო სააგენტოში მიმართვით საკუთარი საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო პორტფელის ცვლილება შეუძლიათ, თუმცა ამ შესაძლებლობით მხოლოდ 10 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.
მოქალაქეთა დანაზოგები ასე ნაწილდება:
კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი – 1,378,776 მოქალაქე, 5,721,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 4,149 ლარი;
დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი – 5,141 მოქალაქე, 32,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 6,224 ლარი;
დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი – 4,677 მოქალაქე, 30,800,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 6,585 ლარი;
თიბისი კაპიტალის შეფასებით, სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ალბათობა იზრდება – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში არის აღნიშნული.…
ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილი ვითარების გამო, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, გვიან ღამით, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. როგორც…